საგარეჯოში, ცენტრალურ სტადიონზე დაშავებული 10 წლის გიგი ყავრიშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა მაია ანუაშვილმა განუცხადა, მას იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან აცნობეს, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მართვითი სუნთქვიდანაც მოხსნეს.
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს, საღამოს, საგარეჯოში, ცენტრალურ სტადიონზე 10 წლის გიგი ყავრიშვილს თამაშის დროს თავში ფეხბურთის კარის ძელი დაეცა.
მოზარდი ჯერ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ თბილისში. ექიმების თქმით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესი იყო. მოზარდი კომაში იმყოფებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. გამოძიებას შს საგარეჯოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.