ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ამოქმედდა. როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, ამიერიდან ქალაქში ჩამოსულ ვიზიტორებს რეგიონის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებისა და ტურისტული მომსახურების შესახებ ინფორმაციის ადგილზე მიღება შეეძლებათ.
ახალ საინფორმაციო ცენტრში განთვასებულია რამდენიმე ენაზე შესრულებული ბუკლეტები აჭარის შესახებ, რუქები, სასტუმროებისა და კვების ობიექტების მისამართები. ასევე, ვიზიტორს შეუძლია ადგილზე შეიძინოს „აუდიო გიდი" და დამოუკიდებლად მოინახულოს ღირსშესანიშნაობები.
რამდენიმე დღის წინათ, ტურისტული საინფორმაციო ცენტრები დაბა შუახევსა და ხულოშიც გაიხსნა, სადაც ტურისტებს შეეძლებათ სასტუმროების დაჯავშნა, ასევე სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენა.
ივნისის დასაწყისში საინფორმაციო ცენტრები ამოქმედდა ქობულეთში - ჩოლოქისა და ისპაანის ჭაობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამჟამად აჭარაში შვიდი საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს. მაისიდან კი, ანალოგიური ცენტრები ფუნქციონირებს უკრაინაში, ქ. ტერნოპოლსა და თურქეთში, ქ. ტრაბზონში.