ხვალ, 30 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში კულტურის სამინისტროს „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარლებში გამოცემული ორი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ეს წიგნებია: ქართულ ენაზე გამოცემული ალ. პუშკინის „ევგენი ონეგინი" - ლეილა კაჭარავას თარგმანი ფართო მკითხველს საშუალებას მისცემს ამ გენიალურ პოემას უკვე მშობლიურ ენაზე გაეცნოს; მწერლის, ჟურნალისტისა და სცენარისტის ი. ობოლენსკის წიგნი "Цена чести. Истории грузинских мужей", რუსულ ენაზე. წიგნი მკითხველს სხვადასხვა ასპექტით აცნობს ქართველ მოღვაწეებს, რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთ და უდიდესი გავლენა მოახდინეს XX საუკუნის მსოფლიო პოლიტიკისა და კულტურის განვითარებაზე. მათ შორის არიან ალექსანდრე და გიორგი შერვაშიძეები, კონსტანტინე და მიხეილ ანდრონიკოვები, ჯორჯ ბალანჩინი, ჩერჩილის მრჩეველი მერაბ კვიტაშვილი და მრავალი სხვა. წიგნში თავმოყრილია ამ მოღვაწეთა შთამომვლების პირად არქივებში მოძიებული 100-ზე მეტი უნიკალური ფოტო. 2011 წლის ბოლოსთვის სამინისტროს მხარდაჭერით იგეგმება აღნიშნული წიგნის ინგლისური ვერსიის გამოცემა.
გასულ წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით გამოიცა ამავე ავტორის მიერ მომზადებული წიგნი "Судьба красоты. Истории грузинских жен", რომელიც რამდენიმე თვეში ბესტსელერად იქცა და იმავე წელს სამინისტროს ეგიდით ითარგმნა და გამოიცა ფრანგულ ენაზე, სახელწოდებით: "Le Destin de Beauté".