ბათუმის იუსტიციის სახლს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაცია ეწვია. 6-კაციან დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები არიან, რესპუბლიკელი დენ ბარტონი ხელმძღვანელობს.
ამერიკის კონგრესის წევრებს იუსტიციის სამინისტროს ახალი ქართული ბრენდის - იუსტიციის სახლის კონცეფცია საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ გააცნო. სტუმრებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს იუსტიციის სახლის სერვისების შესახებ.
ვაშაძე ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა, მათ შორის - კორუფციასთან და კრიმინალთან ბრძოლის საკითხებზე. კონგრესმენთა ინტერესს სწორედ საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები წარმოადგენს, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგიონში და კერძოდ, საქართველოში არსებული ვითარება. დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები, როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ისე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანთან.
აპრილიდან ეს არის ამერიკელ კონგრესმენთა რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში.