ხვალ, 28 ივნისს, ცხინვალის რეგიონში მდებარე სოფელ გრომში მორიგი, რიგით მეხუთე რუსული სამხედრო ქალაქი იხსნება.
"დღეისთვის არსებული მდგომარეობით, ექსპლუატაციისთვის ჩაბარებულია 4 ობიექტი, მიმდინარე წლის ბოლოსთვის კი კიდევ 14 ობიექტის დასრულება და ექსპლუატაციაში მიცემა იგეგმება", _ აცხადებენ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსულ "ეფ-ეს-ბეში". ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 2012 წლისათვის "კეთილმოწყობილი უნდა იყოს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი და ეს კეთილმოწყობა კიდევ ორი ობიექტის - რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს აპარატის კომპლექსის შენობის მშენებლობითა და ძირითადი საინჟინრო ნაგებობების საზღვრის გახსნით უნდა დასრულდეს".
სეპარატისტები იუწყებიან, რომ ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასაზღვრო სამსახურს 1000 რუსი ჯარიკაცი გადის.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში პირველი სამხედრო ქალაქი 2010 წლის 30 ივლისს ცხინვალში მეოთხე რუსული საოკუპაციო ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნა. მეორე და მესამე სამხედრო ქალაქები 2010 წლის 14 დეკემბერს მუგუთისა და ზივლეთის დასახლებულ პუნქტებში, ხოლო მეოთხე სამხედრო ქალაქი - 2011 წლის 5 მარტს ზნაურის რაიონში გაიხსნა.
ცხინვალის რეგიონში სულ 19 ასეთი სამხედრო ქალაქი უნდა აშენდეს, გარდა მისა, ცხინვალში უნდა დაარსდეს სასაზღვრო სამმართველოს კომპლექსი. ყველა მათგანის აგება მიმდინარე წელს იგეგმება.
2009 წლიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" საქმიანობის "ოფიციალური" დაწყებიდან, რუსმა ოკუპანტებმა ამ დრომდე უკვე გახსნეს ხუთი სამხედრო ქალაქი. უკვე ოთხია მათ მიერვე აფხაზეთში გახსნილი სამხედრო ქალაქების რაოდენობაც.
აღსანიშნავია, რომ სამხედრო ქალაქებში არის საცხოვრებელი კორპუსები, სათამაშო მოედნები, საბავშვო ბაღები და რუსული საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელთათვის და მათი ოჯახის წევრების ცხოვრებისთვის საჭირო პირობებია შექმნილი. სულ სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთი კიდევ 16 ასეთი ქალაქის აშენებას გეგმავს.