ბათუმი მსხვილი საკრუიზო გემების მიღებას შეძლებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ და ამერიკული კომპანია "როიალ კარიბიან"-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერსეკმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც საფუძველს დაუდებს ბათუმის პორტის განვითარებას. პროექტის განხორციელების შემდეგ, ბათუმის პორტი მსხვილი საკრუიზო ხომალდების მიღებას შეძლებს.
"ამერიკულ კომპანიასთან ერთად დავიწყებთ მუშაობას, რათა ბათუმი საკრუიზო გემებისთვის მეტად მიმზიდველი გავხადოთ. ჩვენ ერთობლივად მივაღწევთ იმას, რომ აქ საერთაშორისო სტანდარტების პორტი აშენდეს და ქალაქამა ძველი ტრადიცია დაიბრუნოს. ერთად ვიმუშავებთ იმაზე, რომ შავი ზღვისპირეთში ბათუმი საკრუიზო მიმოსვლისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი იყოს"- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
"გავეცანი ბათუმის ტურისტულ პოტენციალსა და განვითარების ტემპს. მემორანდუმი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპის დაწყების საფუძველს ქმნის. სრულად შევისწავლით პორტის პერიმეტრს, ვუზრუნველყობთ ინფრასტრუქტურის მოწყობას, საუკეთესო მენეჯმენტის შექმნას და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მსოფლიოს უმსხვილეს საკრუიზო კომპანიებთან, რომ მათი გემების გაჩერების ერთ-ერთი ადგილი შავი ზღვის პირეთში ბათუმი იყოს." - აღნიშნა "როიალ კარიბიან"-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერსეკმა აღნიშნა
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, უკვე არსებობს ბათუმის პორტის განვითარების გენერალური გეგმის მონახაზი, რომლის დამუშავებაშიც მონაწილეობას მიიღებს "როიალ კარიბიანი"-ს პარტნიორი "ლენდ დიზაინი". ამ კომპანიას "როიალ კარიბიანი"-ს დაკვეთით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პროექტი აქვს შესრულებული.