აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაბა ხელვაჩაურში გაზიფიცირების პროცესს გაეცნო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელ თეიმურაზ დუმბაძესთან ერთად აღმაშენებლის ქუჩის 40 "ა" და "ბ" კორპუსებში გაზიფიცირების პროცესს დაესწო.
ვარშალომიძემ მოსახლეობას განუმარტა, რომ ბუნებრივი აირის ბინებში შეყვანა მხოლოდ 320 ლარი დაჯდება. გამგეობა კი, უახლოეს მომავალში სამუშაოს შემრულებელ "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარასთან" მოლაპარაკებას დაიწყებს მოსახლეობისთვის განვადების ხელსაყრელი პირობების თაობაზე.
დაბა ხელვაჩაურში ცენტრალური მაგისტრალიდან გაზსადენი უკვე მიყვანილია 26 კორპუსთან და ამჟამად მიმდინარეობს 27-ე კორპუსის მიერთება. როგორც "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას" დირექტორმა თენგიზ ქოქოლაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე დაბაში მათი მომსახურებით უკვე 1500 აბონენტი სარგებლობს, წლის ბოლომდე კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ქსელში 10 ათასი აბონეტი ჩაერთვება.
ვარშალომიძე ასევა დაინტერესდა დაბაში ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში განხორციელბული სამუშაოებით.თემურ დუმბაძის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია თითქმის ყველა ეზოს კეთილმოწყობა, ასევე 26 მრავალსართულიანი კორპუსისა და 6 ხუთსართულიანი სახლის გადახურვა. გარდა ამისა, დამონტაჟდა 10 ლიფტი. მოსახლეობის მოთხოვნით მალე დაილუქება ნაგვის ბუნკერები და მათ ნაცვლად ეზოებში ურნები დაიდგმება.