აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დღეს აღიარა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყველა მცდელობა, რომელიც მთელი გასული წლის განმავლობაში ირანის მოლაპარაკებებზე დაყოლიებას ემსახურებოდა ფუჭი აღმოჩნდა.
ჰილარი კლინტონმა გაიხსენა ისიც, რომ თეირანს არაერთგზის შესთავაზეს ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვა საერთაშორისო დონეზე დაეწყო და თვითონაც მიეღო ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
"თუმცა შედეგები იმედისმომცემი ნამდვილად არ აღმოჩნა" - განაცხადა კლინტონმა და პირობა დადო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააძლიერებს ზეწოლას ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე იმის გამო რომ თავის მოვალეობად მიიჩნევს ხელი შეუშალოს აიატოლის რეჟიმის ხელში ატომური ბომბის გაჩენას.
აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიო პრესის ერთ-ერთი წამყვანი თემა არის ის რომ ირანი ატომური ბომბის საკვანძო კომპონენტის - ნეიტრონული დეტონატორის გამოცდას აპირებს.
ჟურნალისტების ხელში საიდუმლო დოკუმენტები მოხვდა, რომლებშიც აღწერილია, ნეიტრონული დეტონატორის გამოცდის ოთხწლიანი გეგმა.
ნეიტრონული დეტონატორი ატომური ბომბის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ის ნაწილი, რომელიც აფეთქებას იწვევს.
ექსპერტთა ვარაუდით, იმ შემთხვევაში თუ ეს დოკუმენტები არ არის ყალბი ამან შესაძლოა ახალი ომის დაწყებას დაუდოს სათავე.
ეს საიდუმლო დოკუმენტები უკვე შეისწავლეს "რიგი დასავლური ქვეყნების" სპეცსამსახურებმა. მათ შორის დიდი პრიტანეთის სპეცსამსახურებმაც.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში არსებულმა წყარომ ისიც დაადასტურა, რომ ეს დოკუმენტები უკვე გაეროს დამკვირვებლებს გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ აშშ და დასავლეთის რიგი ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ, რომელიც მშვიდობიანი ატომის პროგრამის ნიღბის ქვეშ მიმდინარეობს. გაეროს უშიშროების საბჭომ ირანისათვის სანქციების ადწესების შესახებ 5 რეზოლუცია მიიღო. ხუთივე მათგანში არის მოთხოვნა - ირანმა უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე.
თავის მხრივ თეირანი ყველა ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის საჭიროების დასაფარავად.