20-22 ივნისს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა" ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიერ ორგანიზებულ თრეინინგს აწყობს თემაზე „სიმსივნის რადიოთერაპიული მკურნალობის უახლესი მეთოდები". თრეინინგს ზედამხედველობას უწევს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობს 4 ონკოლოგიური ცენტრი საქართველოს მასშტაბით: აჭარის ონკოლოგიური ცენტრი (ბათუმი), დასავლეთ საქართველოს ქუთაისის ონკოლოგიური ცენტრი (ქუთაისი), ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი (თბილისი) და „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკის" ბაზაზე არსებული რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტი.
სემინარის თემას წარმოადგენს ყველაზე ფაროდ გავრცელებული ლოკალიზაციის სიმსივნეების რადიოთერაპიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომელთა ეფექტურობაც დადასტურებულია სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სისტემური ემპირიული კვლევებით.
სემინარს გაუძღვებიან ექსპერტ-ლექტორები ავსტრიიდან, თურქეთიდან და მაკედონიიდან. ისინი ისაუბრებენ ისეთი ფართოდგავრცელებული სიმსივნური ლოკალიზაციების მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე, როგორიცაა თავ-კისრის, ფილტვის და გინეკოლოგიური სიმსივნეები. ზემოაღნიშნული საერთაშორისო დონის კონფერენციის საქართველოს ფარგლებში ჩატარება მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ქართული სამედიცინო სფეროს ევროპიზაციის თვალსაზრისით. იგი სასარგებლო კონტაქტების დამყარების საშუალებას მისცემს ქართველ მედიკოსებს, რითაც რადიოთერპია საქართველოში კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
მასალის გამოყენების პირობები