ლევან ვარშალომიძემ და სილეზიის მარშალმა ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს და ურთიერთობების გამარტივების მიზნით კატოვიცე-ბათუმის მიმართულებით მალე პირდაპირი ავიარეისებიც დაინიშნება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოლონეთში, სილეზიის სავოევოდოში ვიზიტისას, ლევარ ვარშალომიძემ და სავოევოდოს მარშალმა ადამ მატუსიევიჩმა ორ რეგიონს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს.
„დოკუმენტი მოიცავს: ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალურ სფეროებს. იგი ჩვენი რეგიონების მოსახლეობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მეც და ბატონ მარშალსაც უდიდესი სურვილი გვაქვს, რომ ურთიერთობები უფრო და უფრო გაღრმავდეს და სასარგებლო იყოს როგორც ქართველი, ასევე - პოლონელი ერებისთვის", - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.
„აჭარასთან გვსურს პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა რეგიონებისგან განსხვავებული, სრულიად ახალი მოდელის ურთიერთობების დამყარება. ჩვენს მიერ გაფორმებული შეთანხმება ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისია"- აღნიშნა ადამ მატუსიევიჩმა.
ვარშალომიძემ და მატუსიევიჩმა აჭარისა და სილეზიის მოსახლეობის ურთიერთობების გამარტივების მიზნით კატოვიცე-ბათუმის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.