თერჯოლის რაიონის სოფელ ნახშირღელის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათში აღუდგება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზეინაბ ხაჩიძემ აცნობა. სტიქიისგან დაზარალებულ სოფელში აღდგენითი სამუშაო ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
"გადაუღებელმა კოკისპირულმა წვიმამ რამდენიმე სოფელი, განსაკუთრებით კი ნახშირღელე დააზარალა. მოვარდნილმა ღვარცოფმა ნახშირღელეში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი დააზარალა. განადგურებულია სავარგულები, დაიხოცა წვრილფეხა და რქოსანი პირუტყვი. აღდგენითი სამუშაო უკვე დასკვნით ფაზაშია და სოფელი რამდენიმე საათში ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება",-განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ზეინაბ ხაჩიძემ და დასძინა, რომ "სტიქიამ თერჯოლის რაიონის სოფლების შიდა გზებიც დააზიანა".
თერჯოლის რაიონის რამდენიმე სოფელი გადაუღებელმა წვიმამ გუშინ, გვიან ღამით დააზარალა. ზარალის ოდენობა დგინდება.