ხვალ, 15 ივნისს, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია, გორის მუნიციპალიტეტი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გორში „ექსპორტის სემინარს" გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სემინარს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე, გუბერნატორის ადმინისტრაციის და შიდა ქართლში მოქმედი ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სემინარი ექსპორტის შესახებ ტარდება შიდა ქართლში მცირე და საშუალო ბიზნესის მწარმოებელი მოქმედი კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ მოიძიონ ექსპორტის სფეროში არსებული სიახლეები. სემინარის საშუალებით მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ უცხოელი საქმიანი პარტნიორების მოძიების და მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების უახლოეს ტექნოლოგიებს.
სემინარის ფარგლებში ასევე განიხილება ექსპორტის დაფინანსება, HS კოდები (პროდუქციის საბაჟო კოდები), ინკოტერმები, საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, ექსპორტის წარმომავლობის დასაბუთება და სხვა პრაქტიკული საკითხები.