ქუთაისს სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებაში პოლონელი ექსპერტები ჩაერთნენ. ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე და იმერეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი გრიგოლ შუშანია პოლონეთის რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს და პოლონელ დამოუკიდებელ ექსპერთა ჯგუფს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნის სპეციფიკაზე ისაუბერეს.
ქუთაიში უკვე სამი თვეა მერთან არსებული ქალაქის სტრატეგიული განვითარების საბჭო ფუნქციონირებს. პოლონური მხარე აღნიშნული საბჭოს წევრების გადამზადებას გეგმავს. ხვალ საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება.
ქალაქის მერის გიორგი თევდორაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა საქართველოსა და პოლონეთის მთავრობების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
,,ქუთაისი ახალი გამოწვევებისა წინაშე დგას. მიმდინარეობს ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მუშაობა, რაშიც პოლონური მხარე საკუთარი დიდი გამოცდილებით აქტიურად ჩაერთვება. განსაკუთრებით საინტერესოა კრაკოვის მაგალითის გაზიარება და გათვალისწინება. ჩვენს ქალაქსა და რეგიონში ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპებით ვითარდება, უმჯობესდება ეკონომიკური და ბიზნესგარემო, რაც განვიTარების სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ასპექტია," - განაცხადა გიორგი თევდორაძემ „ჯი-ეიჩ-ენ" - თან საუბრისას.
სტრატეგიული განვითარების გეგმა უპირველესად ქალაქისა და მხარის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკური ასპექტების გაუმჯობესებას მოიცავს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ 2012 წლისთვის ქუთაისში 5 ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო გაიხსნება.