გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ძლიერმა წვიმამ სოფლის შიდა საუბნო გზები დააზიანა, ნაპირსამაგრი ჯებირი დაანგრია და 40 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაები ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა.
„ადიდებულმა კულანჯის ხევმა ნაპირსამაგრი ჯებირი 200 მეტრის მონაკვეთზე გადაანგრია. ასევე, სამ ადგილას დაზიანდა შიდა საუბნო გზებიც. დაზიანებების ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ მიმდინარეობს, რადგან ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ ვიცით" - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი მინდიაშვილმა.
ირაკლი მინდიაშვილის განმარტებით, ზარალის სრულად გამოვლენის შემდეგ გადაწყდება, სარეაბილიტაციო სამუშაეობისთვის თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან.