ილტოს ხეობაში გადაუდებელი წვიმების გამო დაიტბორა სოფლები, საცხოვრებელი სახლები და ნაკვეთები. ადგილობრივების თქმით, ღვარცოფი მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში შეიჭრა, ქვა-ღორღით და ქვიშით გაავსო ხევების კალაპოტები. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ ხეობაში ხევების კალაპოტები დროულად არ გაიწმინდება, შემდეგი წყალდიდობის დროს შედეგი სავალალო იქნება.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა მაისურაძემ აცნობა, განსაკუთრებით სერიოზული პრობლემები სოფელ ჭართალის 18 კომლიან დასახლებას შეექმნა, სადაც ორი ხიდი ადიდებულმა მდინარემ ჩაკეტა და ნიაღვარმა საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას.
„ახმეტა ადგილმდებარეობის გამო ხშირად იტბორება. ამჯერად, უფრო დიდი საშიშროება გვაქვს ერთი კვირის წინ დასეტყვილ სოფლებში. აწყურში, ხოდაშენში და ოჟიოში გზები სულ დანგრეულია და წყლის მიწოდებაც შეფერხებულია. ტექნიკა ჯერ იქ მუშაობს" - განაცხადა კობა მაისურაძემ. მისი თქმით, წყლის დაწევისთანავე მდინარე ილტოს კალაპოტის გაწმენდას დაიწყებენ.