"ნატოს სურს, რომ რუსეთი მას უფრო მეტად დაეხმაროს ავღანეთში, უფასოდ მიაწოდოს დიდი რაოდენობის შეიარაღება", - ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს დამატებითი შესაძლებლობები ამ ომში (ავღანეთში) რუსეთთან სათანამშრომლოდ.
აღნიშნული განცხადება აპატურაიმ ნატოს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის მოსკოვში, 15 დეკემბერს დაგეგმილ ვიზიტამდე გააკეთა, რასთან დაკავშირებითაც ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რასმუსენის ვიზიტი ემსახურება ალიანსსა და რუსეთს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბებას.
ამასთან, აპატურაის განმარტებით, რასმუსენი მოსკოვში ვიზიტისას ყურადღებას გაამახვილებს ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და რუსეთის წინაშე მდგარ საერთო საფრთხეებზე, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმზე, საზღვაო მეკობრეობასთან ერთობლივი ძალისხმებით ბრძოლაზე და ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრის მთავარი თემა ავღანეთში შექმნილი ვითარება იქნება.
მოსკოვში ვიზიტისას ნატოს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედებს და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
"ის მიიჩნევს ავღანეთს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილად მომავალ წელს ჩვენს შორის თანამშრომლობის საკითხში და საუბარი წარიმართება იმაზე, თუ რა შეგვიძლია ჩვენ ერთობლივად გავაკეთოთ ავღანეთთან მიმართებაში", - განმარტა აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობები, რომელიც შარშანდელი ომის შემდეგ შეწყვეტილი იყო ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატით რამდენიმე დღის წინ აღდგა.
ნატოს ოფიციალური პირების განმარტებით, საქართველოს საკითხი კვლავ რჩება მხარეებს შორის შეუთანხმებელ საკითხად.