აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ თუ ევროპა ზომებს მიიღებს ჩინეთის მიმართ, რომელიც რუსეთისგან ყიდულობს ნავთობს, ჩინეთი ზეწოლას მოახდენს აგრესორზე, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათ [ევროპულ ქვეყნებს], რომ გამოეყენებინათ სანქციები, ან ტარიფები, ან რაც გინდათ, ის უწოდოთ - თუ ამას ჩინეთის წინააღმდეგ გააკეთებდნენ, ვფიქრობ, ომი დასრულებოდა. რადგან ჩინეთი ამჟამად რუსეთისგან ნავთობის უდავო უმსხვილესი მყიდველია. და მე ვფიქრობ, რომ მათ რუსეთზე გავლენის სხვა ბერკეტებიც აქვთ... პარასკევს ლიდერ სი ძინპინისთან ვისაუბრებ... ვნახოთ, როგორ წარიმართება საქმე. თუ ევროპა რამეს მოიმოქმედებს ჩინეთის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ჩინეთი ალბათ, აიძულებს [რუსეთს] ომის დასრულებას,“ - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ პარასკევს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან TikTok-ის შესახებ ისაუბრებს: „და ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ყველა ამ საკითხზე შეთანხმებების დადებასთან. მე ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს ჩინეთთან. იცით, ჩვენ მათთან სავაჭრო შეთანხმება გვაქვს. ცოტა ხნის წინ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა“, - აღნიშნა ტრამპმა.