სტიქიით დაზარალებულ მცხეთის რაიონის სოფლებში საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გივი ამირხანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გუშინდელმა 20-25 წუთიანმა ღვარცოფმა, მცხეთის რაიონის სოფლებში, არაშენდაში, ნავდარაანთკარსა და ახალსოფელში საავტომობილო გზის გადაკეტვა გამოიწვია და მოძრაობა შეიზღუდა.
"საავტომობილო მოძრაობა აღნიშნულ სოფლებში აღდგენილია. გზა მთლიან გახსნილია და დავიწყებთ განწმენდით სამუშაოებს. ღვარცოფმა ძალიან დიდი ზარალის ინერტული მასალა ჩამოზიდა, რამაც გარკვეულწილად პრობლემა შექმნა განწმენდითი სამუშაოების დღესვე დასაწყებას. ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც ზარალს ითვლიან. ჩვენ სტიქიის შესახებ გაფრთხილებული ვიყავით და მომზადებული შევხვდით. უბრალოდ, ასეთი მასშტაბის სტიქია მოსახლეობას არ ახსოვს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ამირხანაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად დიდი სტიქიისა, არ დაზიანებულან სახლები.
"რაც შეეხება დუშეთის რაიონს. მიმდინარეობს მთის ჩამონაშლის განწმენდითი სამუშაოები. მთის ჩამოშლა ხშირად ხდება და ამისთვის გამგეობის ბიუჯეტში თანხებიც არის გათვალისწინებული. მთის ჩამოშლა რაიმე სერიოზული პრობლემა არ შეუქმნია. მან ჩახერგა გზა 6 სოფელთან. გზა გაწმენდილია. ამ სოფლებში საშუალოდ 6 კომლი ცხოვრობს. ასევე არის დაჩებიც და დამსხვენებლებს საზაფხლო ინვენტარი ააქვთ ხოლმე სატვირთო მანქანებით", - განაცხადა ამირხანაშვილმა.