სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წლის იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილში კახეთში მცხოვრებმა 628 ოჯახმა საარსებო შემწეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
ვინ არიან ეს ოჯახები და რატომ თქვეს უარი დახმარების დანიშვნაზე, ამ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ლევან ახალაური არ გასცემს. მისი თქმით, სააგენტო უზრუნველყოფს მხოლოდ მიმღებ ოჯახთა შესახებ ინფორმაციის საჯაროობას.
„თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, იმ ოჯახების სიის მოწოდების თაობაზე, რომლებმაც მოიპოვეს საარსებო შემწეობის მიღების უფლება, მაგრამ უარი განაცხადეს მასზე, არ არის საჯარო. იგი წარმოადგენს კერძო პირთა საიდუმლოებას და საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კერძო პირებისგან ამ ინფორმაციის დაცულობა", - აღნიშნავს ახალაური.