დღეს, 3 ივნისს, 10:00 საათზე, ბათუმის იუსტიციის სახლში ელექტრონული აუქციონის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიურის ტერიტორიული ორგანოს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი - მირიან ხარაბაძე გააკეთებს.
ელექტრონული აუქციონების სისტემაზე იუსტიციის სახლი 2011 წლის თებერვლიდან გადავიდა. აუქციონები განთავსებულია ვებგვერდზე www.eauction.ge. აღნიშნულ ვებგვერდზე ქონების შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინრეჟიმში.
იუსტიციის სახლის მიერ გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ვებგვერდზე www.eauction.ge რეგისტრაცია. რეგისტრაციის შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეარჩიოს სასურველი ლოტი და ივაჭროს ონლაინ რეჟიმში.
დღევანდელი მონაცემებით ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრირებულია 1000-ზე მეტი პირი, ხოლო იუსტიციის სახლის მიერ გამოცხადებული აუქციონებიდან მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე რეალიზებულია, დაახლოებით, 2500 ლოტი.
ადრე აუქციონში მონაწილეობის მსურველები სასურველი ქონების შესაძენად ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში უნდა მისულიყვნენ და ადგილობრივად მიეღოთ მონაწილეობა საჯარო აუქციონში, რომელიც ტარდებოდა აუქციონის ჩასატარებლად განკუთვნილ დარბაზში.
აუქციონების ელექტრონული სისტემაზე გადასვლამ ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს სასურველი ნივთის მოძიება და შეძენა მნიშვნელოვნად გაუმარტივა, რის გამოც აუქციონში მონაწილეთა რიცხვი გაცილებით გაიზარდა.