დეპუტატ გურამ ჩახვაძის შეფასებით, სათამაშო სალონის მოწყობისთვის დაწესებული თანხა ბიზნესის მონოპოლიზებას გამოიწვევს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ედპ-ის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ ჩახვაძემ განუცხადა, "საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებების მიზანს სათამაშო აპარატების ბიზნესის გამსხვილება წარმოადგენს, თუმცა სერიოზული საფრთხე წვრილ ბიზნესს შეექმნება.
"მოქმედი კანონის თანახმად, სათამაშო აპარატებზე ნებართვა ერთი წლის ვადით გაიცემოდა, ახლა მისი გაცემა 5-წლიანი ვადით მოხდება, თუმცა წელიწადში პირმა 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის მილიონ ლარის ჩათვლით უნდა გადაიხადოს, რომლის ოდენობასაც მთავრობა დაადგენს და შემოსული თანხა ცენტრალურ ბიუჯეტში წავა. ბიზნესის ის წარმომადგენლები კი, ვისაც არ აქვს აღნიშნული თანხა, გაკოტრდებიან და იძულებულები გახდებიან, გამოვიდნენ ბიზნესიდან ანუ მოხდება სფეროს მონოპოლიზება", - განმარტავს ჩახვაძე.
მისი შეფასებით, სფეროდან წვრილი ბიზნესის გამოდევნა ნიშნავს სამუშაო ადგილების შემცირებას და იმ ადამიანებისთვის საარსებო წყაროს დაკარგვას, ვინაც იქ არიან დასაქმებული.
ჩახვაძეს მიაჩნია, რომ სათამაშო აპარატები ბიზნესზე მოსაკრებელს ცენტრალური მთავრობის მიერ დადგენა თვითმართველობის კომპეტენციაში შეჭრაა, რადგან დღემდე მოსაკრებლის ოდენობის დადგენა ადგილობრივი თვითმართველობის კომპეტენცია იყო.
"თუ ვსაუბრობთ ადგილობრივ ბიუჯეტზე, საკრებულომ და აღმასრულებელმა ორგანომ თვითონ უნდა განსაზღვრონ ეს ოდენობა, რადგან ისინი არიან პასუხისმგებელი იმ რეგიონის ფისკალურ პოლიტიკაზე და ბიუჯეტზე. ეს უკან გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილების კუთხით", - აღნიშნა დეპუტატმა.