რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ვალდიმერ პუტინის პრესსამსახური ავრცელებს.
"ცხოვრებიდან წავიდა გამოჩენილი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი. ბაღაფშის სახელთან არის დაკავშირებული აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი ნაბიჯები. ძნელია მისი როლი გადააფასო", _ ნათქვამია პუტინის სამძიმრის დეპეშაში და იქვე აღნიშნულია, რომ "ჩვენს ხსოვნაში სერგეი ბაღაფშის სახელი მუდამ დარჩება როგორც რუსულ აფხაზური მეგობრობის პრინციპული მომხრე და ორმხრივი ურთიერთობების მხარდამჭერი".
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ამ დილით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს ხუთშაბათს, 2 ივნისს, ოჩამჩირის რაიონის მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ.