სეპარატისტულ აფხაზეთში სერგეი ბაღაფშს გლოვობენ - ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და "ყველა სახელმწიფო უწყების თავზე" დაშვებულია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა.
"31 მაისი, 1 და 2 ივნისი აფხაზეთში გლოვის დღეებადაა გამოცხადებული", _ ეს განცხადება აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა გააკეთა.
აფხაზურ ტელევიზიაში გაუქმებულია ყველა გასართობი და მუსიკალური გადაცემა. ეკრანზე მხოლოდ სერგეი ბაღაფშის ფოტოსურათია. მოსკოვში მდებარე აფხაზეთის ე.წ. საელჩოს თავზე მდებარე აფხაზურ დროშასაც შავი ლენტი უკეთია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ამ დილით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში 63 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. მის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს სოხუმში ხვალ 30 მაისს ჩამოასვენებენ, ხუთშაბათს, 2 ივნისს კი ოჩამჩირის რაიონის მშობლიურ სოფელ ჯგერდაში დაკრძალავენ.