დღეს, ლონდონში, განახლებულ "უემბლის" სტადიონზე, 2010-2011 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება.
ევროპული საფეხბურთო სეზონის დამაგვირგვინებელ თამაშში ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი" და კატალონიის „ბარსელონა" დაუპირისპირდებიან, რომლებსაც უმთავრესი ევროპული საკლუბო ტურნირი აქამდე სამ-სამჯერ აქვთ მოგებული.
ორივე გუნდი, შეხვედრას მხოლოდ უმნიშვნელო დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიკაციის გამო, კატალონიელებს მე-2 მეკარე, ხოსე მანუელ პინტო არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრებს, ტრავმების გამო, მე-3 მეკარე ლინდეგაარდი და ახალგაზრდა ბებე დააკლდებიან.
როგორც "ბარსელონა", ასევე "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ მოგებას შეეცდებიან. ორივე გუნდმა, ისტორიაში პირველი ევროპული თასი ძველ "უემბლიზე" მოიგო.
ევროტურნირების ფინალში გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან. პირველ ჯერზე "მანჩესტერმა" მოიგო, მეორედ კი - "ბარსელონამ". ურთიერთშეხვედრების ისტორიაში თანაფარდობაა - 3-3 მოგება და 4 ფრეა;
ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალში, 6 თამაშიდან, "ბარსელონას" 3 მოგება და ამდენივე წაგება აქვს; "მანჩესტერმა" კი 4 მცდელობიდან 3-ჯერ მოიგო.
ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი „უემბლის" სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.