სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა უარყოფს ქართული მედიის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის შესაძლო გადადგომის შესახებ.
"გადატანილი ოპერაციის შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში სერგეი ბაღაფში თავს ნორმალურად გრძნობს და გამოჯანმრთელებს შემდეგ თავისი მოვალეობის შესასრულებლად დაბრუნდება", _ აცხადებს აშუბა და აღნიშნავს, რომ ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აფხაზურ ე.წ. პარლამენტში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საკითხის განხილვა დაიწყო "მორიგი სისულელე და დეზინფორმაციაა".
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" მოსკოვში მყოფმა წყარომ აცნობა, სერგეი ბაღაფში უკვე სამი დღეა მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, მოარული ხმები ბაღაფშის შესაძლო გადადგომის შესახებ არც თუ ისე უსაფუძვლოდ გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს.