დღეს, 26 მაისს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში აღნიშნული ღონისძიება 12:00 საათზე დაიწყება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ანსამბლები. M
მსგავსი ღონისძიებებია დაგეგმილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც დუშეთის კულტურის სახლში 15:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება და აქაც, ადგილობრივი ფოლკლორისა და ესტრადის ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან დუშეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ის ახალგაზრდები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას, ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ (196 ადამიანი).Gპარალელურად, დუშეთის სპორტულ მოედანზე სკოლებს შორის გაიმართება შეჯიბრი მინიფეხბურთსა და ჭიდაობაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ასევე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყება 14:00 საათზეა დაგეგმილი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით, ყაზბეგის ახალგაზრდულ კლუბში გაიმართება საზეიმო ღონისძიება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყაზბეგის კულტურის სახლთან არსებული ანსამბლი "დიდებაი" და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელები. გარდა ამისა, ყაზბეგის საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება სპორტული ღონისძიებები.
თიანეთის კულტურის სახლში საზეიმო კონცერტი 16:00 საათზე დაიწყება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, გაჟღერდება პატრიოტულ თემაზე შექმნილი სიმღერები.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრებიან სამხარეო ადმინისტრაციისა და თითოეული მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობა.