19-24 ივლისს ბათუმში ჯაზფესტივალი გაიმართება. ბლექ სი ჯაზ ფესტივალს (Black Sea Jazz Festival) გენერალური სპონსორობას "საქართველოს ბანკი" გაუწევს. წელს ფესტივალი 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც ფესტივალის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, წარმოდგენილი იქნება 21 ბენდი და 150-მდე მუსიკოსი სხვადასხვა ქვეყნიდან.
წლევანდელ ფესტივალს ესტუმრებიან სთენლი ჯორდანი - ვირტუოზი გიტარისტი და მისი ტრიო. იელოუჯექეთსი - ლეგენდარული ჯგუფი, რომელიც წელს თავის მსოფლიო ტურით აღნიშნავს დაარსების საიუბილეო 30 წლისთავს. ლონდონ ქომუნითი გოსპელის გუნდი, პოპის მეგა ვარსკვლავი მეისი გრეი, რომელიც ორი გრემისა და "ემტივის" ორი მუსიკალური ჯილდოს მფლობელია. დიჯეი ლოჯიქი, სპეციალურად ბლექ სი ჯაზ ფესტივალისთვის 3 დღის განმავლობაში მოაწყობს ჯემსეიშენებს. მენ ინ ბრას, სამი დღის განმავლობაში, დღეში 5-ჯერ კონცერტებს ბათუმის ქუჩებში გამართავს. კონცერტები ჩატარდება ევროპის მოედანზე, პიაცაზე და ძველ ბულვარში (კოლონადებთან). წელს პირველად ფასიანი კონცერტების გარდა, ჩატარდება უფასო კონცერტებიც, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსები გამართავენ. საფესტივალო დღეებში იქნება სპეციალური ადგილები, სადაც გაიყიდება სხვადასხვა სუვენირი.
ფესტივალის მასპინძელი "შერატონ ბათუმი" იქნება, მხარდამჭერი კი ბათუმის მერია და აჭარის კულტურის სამინისტრო. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია "ისთერნ პრომოუშენსია".