საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადო მოღვაწეები დააჯილდოვა. ქვეყნის პირველმა პირმა წარმატებული საქმიანობისთვის მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებსა და ექიმებს ეროვნული და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები გადასცა.
"ქართველებს აქვს განსაკუთრებული ნიჭი და მთავარია, რომ არც ერთი ნიჭიერი ადამიანი არ დაიკარგოს, არ დარჩეს საქმის გარეშე. ამიტომაც, ჩვენი მიზანია დავაბრუნოთ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ. განსაკუთრებით ეს ეხება სამედიცინო სფეროს. ჩვენ არა მხოლოდ აღარ ვიქნებით მეორე და მესამეხარისხოვანი სამედიცინო ქვეყანა, არამედ უნდა გავხდეთ მედიცინის სფეროში ამ რეგიონის ცენტრი და ეს განხორციელებადია", - განაცხადა სააკაშვილმა.
ეროვნული და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიები სულ 19-მა ადამიანმა მიიღო.
მსგავსი ტიპის ღონისძიება დამოუკიდებლობის დღის ყოველ წლისთავზე იმართება.