ბათუმში ახალი გრანდიოზული აკვარიუმის მშენებლობა ჭიანურდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბათუმის მერიაში განუცხადეს, აკვარიუმის მშენებლობისთვის შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის. უცნობია, ინვესტორის ვინაობაც, თუ ვინ განახორციელებს პროექტს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის ბოლომდე ბათუმში ახალი გრანდიოზული აკვარიუმი აშენდება. გასულ წელს ბათუმის აკვარიუმის მშენებლობის დიზაინისთვის გამოცხადებულ კონკურსში დანიურმა არქიტექტურულმა კომპანია Henning Larsen Achitect -მ გაიმარჯვა. აკვარიუმის დიზაინის შექმნისას, Henning Larsen Achitect შთაგონების წყაროდ იქცა ის ქვები, რომლებიც ბათუმის სანაპიროზე ათასწლეულების განმავლობაში ზღვის ტალღების მიერ არის ფორმირებული.
პროექტის თანახმად, ნაგებობა ოთხი "ლოდისგან" შედგება და თითოეულ ქვა თითო ზღვის იმიტაცია იქნება. შესაბამისად, თითოეული ქვა ეგეოსის, ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვებს შეესაბამება. ინტერაქტიული გამოფენები თითოეული ამ ზღვის წყალქვეშა სამყაროს ცხოვრებზე გვიამბობენ.
პროექტის თანახმად, ოთხივე ლოდი ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება ერთიანი სისტემით სადაც კაფეები, დარბაზი და სავაჭრო მოედნები განთავსდება. მთლიანი მოედანი 2 ათას კვ.მ ფართობზე იქნება გადაჭიმული, სადაც მუზეუმი განთავსდება, რომელიც მალე ბათუმის ახალი მშვენება გახდება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ახალი აკვარიუმისათვის ფართი დელფინარიუმის მოპირდაპირე მხარეს, რუსთაველის ქუჩაზე გამოიყო.
Henning Larsen Achitect-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი და მაღალანაზღაურებადი სამშენებლო კომპანიაა. კომპანიას შესრულებული აქვს კოპენჰაგენის ოპერის, რეიკიავიკის საკონცერტო დარბაზისა და სხვა ცნობილი შენობების დიზაინი.