თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასკომის წევრს, ბელგიის ოლიმპიური კომიტეტის მდივანს გვიდო დე ბონდის და სლოვაკეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ჟოზეფ ლიბოს შეხვდა.
როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, გიგი უგულავამ სტუმრებს თბილისის ზღვაზე დაგეგმილი „ოლიმპიური სოფლის" მშენებლობის სამომავლო გეგმები გააცნო.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტუმრები თბილისში არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურასაც გაეცნობიან და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან შეხვედრებსაც გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს, რაც არსებული სპორტული ცენტრების სრულ რეაბილიტაციასა და მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას გულისხმობს.
ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოლიმპიური სოფლის" მშენებლობაა.
„ოლიმპიური სოფელი" 5 ჰექტარზე გაშენდება. ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ობიექტი აშენდება. ეს იქნება: ადმინისტრაციული შენობა, საკონფერენციო დარბაზი, საცხოვრებელი სახლები, სასადილო და გასართობი ცენტრები. შენობები ორ-სამ სართულიანი იქნება, თითოეულ სართულზე მინიმუმ რვა ოთახი განთავსდება, რომელშიც ოთხი ადამიანი იცხოვრებს. კომფორტულ და თანამედროვე დიზაინის სახლებში ასევე გათვალისწინებული იქნება მწვრთნელებისა და ხელმძღვანელების ოთახებიც. ოლიმპიური სოფელი საცხოვრებელი ადგილით ერთდროულად 4 000 ადამიანს დააკმაყოფილებს. ტერიტორიაზე ყველა საჭირო სხვა ინფრასტრუქტურაც მოეწყობა.