პარტია "თავისუფლების" ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას "სახალხო კრების" აქციები ბოშათა ბანაკს ახსენებს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე გამსახურდიამ "სახალხო კრების" აქციების შეფასებისას განაცხადა.
"არ მაქვს მე პამპულაობის და უშედეგო აქციებში ჩართვის დრო, თან მათი სიარული ციგნების, ბოშათა ბანაკის გადაადგილებებს მახსენებს", - აღნიშნა გამსახურდიამ.
დეპუტატის თქმით, ჯერ კიდევ 2009 წლის უშედეგო აქციებმა მას დიდი ტრმვა მიაყენა.
ამასთან, გამსახურდია აღნიშნავს, რომ როგორც ორი წლის წინანდელ აქციებზე არ არსებობდა მოქმედების ერთიანი გეგმა, "სახალხო კრების" აქციებიც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს გეგმა არც ახლა არ გააჩნიათ.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრების აქციები თავისუფლების მოედანზე 21 მაისს დაიწყო, რომელმაც იმავე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტს არ მისცემენ საშუალებას აღლუმი ჩაიბაროს, რის გამოც აქცია კვლავ თავისუფლების მოედანზე გადმოდის.