სოფელ ნანიანს მგლები შეესივნენ. მტაცებლებმა ვარლენ ზირაქაშვილს 10 სული ცხვარი გაუნადგურეს, ომარ მამუკიანცის 6 ცხვარი დაგლიჯეს და 5 შეჭამეს. რამდენიმე დღის წინ მგლებმა სოფლის კიდევ ერთი მცხოვრების 15 ცხვარი შეჭამეს. მოსახლეობა მგლების ლიკვიდაციას ითხოვს.
„ძაღლების ყეფის ხმა ღამის 12:00 საათისთვის გავიგე. გარეთ რომ გამოვედი, ვერაფერი შევნიშნე. დილით კი ცხვარი დაგლეჯილი და შეჭმული დამხვდა. მტაცებლების თავდასხმის შემთხვევები ძალიან გახშირდა. ცხვარს რომ ვაბალახებთ მინდორში მგლები გვეცემიან და საქონელს ანადგურებენ", - აღნიშნა ვარლენ ზირაქაშვილმა.
ნანიანის მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფის შექმნას და მგლების განადგურებას ითხოვს.