აფხაზეთში აქტიურად დაიწყეს საუბარი ახლახანს გახსნილი საკურორტო სეზონის შესაძლო ჩაშლის შესახებ, თუმცა ამჯერად, სეპარატისტები ჩვეულებას ღალატობენ და ამაში რუსეთის ფედერაციას ადანაშაულებენ. სეპარატისტთა მიერ ამ თემაზე ღიად საუბრის დაწყების მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთმა მდინარე ფსოუზე ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ხიდი დახურა.
"კომერსანტის" ჟურნალისტის მიერ სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრისათვის დასმულ კითხვაზე, თუ რასთან არის დაკავშირებული სწორედ ამ სრულიად არაშესაფერის პერიოდში ხიდის ჩაკეტვა, როგორც ჩანს თავადაც უკმაყოფილო სერგეი შამბა ერთი სიტყვით პასუხობს: "რემონტთან". ჟურნალისტი ახსენებს ე.წ. პრემიერს, რომ ყოველივე ეს სწორედ საკურორტო სეზონის წინ ხდება - "გამოდის, რომ ასეა", _ კვლავ მოკლედ პასუხობს შამბა.
"ეს არ არის ერთადერთი გამშვები ხიდი, თუმცა გამტარიანობა ამჟამად შემცირებულია. ხიდი - გარკვეულწილად წინააღმდეგობა გახდება, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ივნისში სოხუმისკენ დაიწყება მატარებლის მოძრაობა, ამისათვის თითქმის ყველაფერი მზადაა", _ აცხადებს სერგეი შამბა.
მასალის გამოყენების პირობები