ძლიერმა წვიმამ საგარეჯოს რაიონი დააზარალა. სტიქიის შედეგად რაიონის 1000-მდე სახლის პირველი სართულები დაიტბორა.
წყალი ადიდებული ხევიდან გადმოვიდა, რამაც ასევე, ზოგიერთი სახლის კედლები ჩამოანგრია, ნაწილი კი დააზიანა.
დატბორილია ნათესები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები. სამ საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანდა სოფელ გიორგიწმინდას სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც, რის გამოც სოფელს ამ დროისთვის წყალი არ მიეწოდება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გია ჩალათაშვილის განცხადებით, სტიქიის გამო სოფელ გიორგიწმინდაში ცენტრალური გზაც ჩახერგილია.
„ამ დროისთვის სოფლის დიდ ნაწილს არ მიეწოდება წყალი. მთლიანად რაიონში დატბორილია დაახლოებით 1000-მდე ოჯახი", - აცხადებს რაიონის გამგებელი.