საქართველოს პრეზიდენტმა აბაშაში ახალი საავადმყოფო გახსნა, რომელმაც პირველი პაციენტების მიღება დღეიდან დაიწყო.
მრავალპროფილური კლინიკა 15-საწოლიანია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. ექიმი აკაკი ჭანტურია აგვისტოს ომში გამოჩენილი სიმამაცისთვის მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ქირურგი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა, თუმცა დაჭრილთა დახმარება არ შეუწყვეტია.
„თქვენ გახსოვთ რამდენს ლაპარაკობდნენ იმის თაობაზე, რომ 100 საავადმყოფოს პროგრამა არ შესრულდა. იმ ხალხს, ვინც ამ პროგრამის შეუსრულებლობაში გვადანაშაულებდა, რატომღაც სათვალავიდან გამორჩათ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და ის, რომ საქართველოში მტერი შემოიჭრა. ამის მიუხედავად, მათი იმედის გასაცრუებლად და ჩვენი ხალხის გასახარად მინდა ვთქვა, რომ შენდება არა მხოლოდ 100 საავადმყოფო, არამედ ბევრად მეტი - 150-მდე. დაპირებას ყოველთვის ვასრულებ და ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს - ძალიან ბევრი ინვესტიცია ხორციელდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.