სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მისი რეკომენდაციების შეუსრულებობის შემთხვევაში მომავალი წლის ანგარიშში გაჩნდება ჩანაწერი, რომ მისი რეკომენდაცია არ შესრულდა. ამის შესახებ განცხადება გიორგი ტუღუშმა დღეს პარალმენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2009 წლის პირველი ნახევრის ანგარიშის განხილვისას გააკეთა.
აღნიშნული საკითხით კი ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა. მან ჩამოთვალა ფაქტები, როდესაც ხელისუფლების მხრიდან არ ხდება სახალხო დამცველის რეკომენდაციების გათვალისწინება და კითხვით მიმართა სახალხო დამცველს, თუ ამასთან დაკავშირებით რა რეაგირება ექნება.
ტუღუში განმარტავს რომ მას შეუძლია მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა, რომელსაც შესრულებისათვის იურიდიული ძალა არ გააჩნია და აღნიშნავს, რომ იგი იმ შემთხვევაში თუ უწყებები მის რეკომენდაციას არ შეასრულებენ შემდეგ ანგარიშში აღნიშნავს არშესრულების ფაქტს.
აღსანიშნავია, რომ ამ კითხვა პასუხისას დასახელებული იყო ხონის სასამართლოში მომხდარი ფაქტი, როდესაც მოსამართლის მხრიდან იქნა კანონდარღვევა ჩადენილი. ამ ფაქტს კი უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეკომენდაციის მიცემა უზენაესი სასამართლოსთვის პარლამენტის მხრიდან ან სახალხო დამცველის მხრიდან იქნება სასამართლოში ჩარევის მცდელობა და მიიჩნევს, რომ ეს არღვევს კონსტიტუციას.
თორდიას თქმით, ცალკეული შემთხვევები განხილული უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში და აღნიშნული ფაქტები არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის.