საქართველოში ევროკავშირის ელჩის ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, კრიმინალის შემცირების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები „გამაოგნებელია".
„ჩვენ დავაფინანსეთ კვლევა, რათა მიგვეღო სურათი, თუ რას აკეთებს საქართველო კრიმინალთან ბრძოლის წინააღმდეგ. შედეგი აღმოჩნდა იმაზე შთამბეჭდავი, ვიდრე ველოდით. კვლევა ამტკიცებს, რომ საქართველოს მიღწევები კრიმინალის შემცირების კუთხით არის ერთ-ერთი გამაოგნებელი", - განუცხადა დიპლომატმა ჟურნალისტებს საქართველოში დანაშაულის მაჩვენებლის შესახებ ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაციისას.
მისივე განმარტებით, „7 წლის წინ საქართველოში დანაშაულის დონე მაღალი იყო, ხალხი კი თავს დაცულად არ გრძნობდა, ახლა დანაშაულის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და მოქალაქეებსაც უსაფრთხოების განცდა მეტად აქვს, ვიდრე ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში".
შეგახსენებთ, რომ ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა, საქართველო და თბილისი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია. საქართველოს მოსახლეობის 98 % კი ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. კვლევა 1992 წლიდან დღემდე საქართველოში დანაშაულის შემცირების სტატისტიკას შეეხება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული. დანაშაულის შემცირების თვალსაზრისით ქვეყანაში გარდატეხა ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 87 % კმაყოფილია სამართალდამცავი ორგანოების მუშაობით და მას ნდობას უცხადებს.
პოლიციის მიმართ გაზრდილი ნდობის მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველ ადგილზე მოხვდა, გამოკითხულ ქვეყნებს შორის კი მესამე ადგილზეა. ანგარიშში ე.წ. ქურდული ავტორიტეტების თემაც მოხვდა და როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, მოსახლეობის 70 %-ზე მეტის აზრით, ქვეყანაში ცნება „კრიმინალური ავტორიტეტი" საერთოდ აღარ არსებობს. კვლევის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 3 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით დღეს გაიმართა.