რუსი და უცხოელი ექსპერტები რუსულენოვანი მაფიის სხვა და სხვა კლანებს შორის დაპირისპირებას წინასწარმეტყველებენ. ბოლო დროს კრიმინალური ავტორიტეტების გახმაურებული მკვლელობები და მათზე თავდასხმები ხდება როგორც მოსკოვის ცენტრში ისე ლაჟვარდოვან სანაპიროებზე.
არსებული ინფორმაციით, "დედ ჰასანის" ძლევამოსილი კლანი ე.წ. სოხუმური ქურდული ოჯახის წარმომადგენლებმა გამოიწვიეს, რაც აუცილებლად დიდ სისხლისღვრამდე მივა.
ოპერატიული მონაცემებით, "კრიმინალურმა მეფემ" ასლან უსოიანმა, რომელიც "დედ ჰასანის" ზედმეტსახელადაა ცნობილი ე.წ. კანონიერ ქურდებად კიდევ ხუთი ქურდი "აკურთხა". ამან კი შესაძლოა რუსეთში ახალი კრიმინალური ომი გამოიწვიოს.
ოპერატიული მონაცემებით საუბარი მიდის მოსკოვის ოლქში მდებარე ქალაქ ელექტროსტალის "მეთვალყურეზე" ზედმეტსახელად "ცირკაჩზე", ბელორუსზე "მეთვალყურეზე" საშა კუშნერზე, ვინმე ეთნიკურ ჩეჩენზე სახელად გელანზე, დაღესტნელ შამილზე და სომეხ არმენზე.
"დედ ჰასანმა" თავის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისი მისამართით ე.წ. სოხუმური ქურდული ოჯახის წარმომადგენელთაგან მუქარა გაისმა. ე.წ. სოხუმურ ქურდულ ოჯახში კი შედიან ისეთი კრიმინალური ავტორიტეტები, როგორებიც არიან მერაბ სუხუმსკი და ტარიელ ონიანი, რომელიც ამჟამად ადამიანის გატაცებისა და გამოძალვისათვის 10 წლიან სასჯელს იხდის.
ქართველი ქურდები "დედ ჰასანთან" კონფლიქტში უკვე დიდი ხანია იმყოფებიან. სოხუმური და თბილისური კლანების წარმომადგენელი "კანონიერი ქურდების" აზრით იგი არღვევს ქურდულ კანონებს კომერციასთან "კანონიერი ქურდის" საქმიანობის შეთავსებით. "კანონიერი ქურდები" გარკვეული წესების დაცვით უნდა ცხოვრობდნენ: მაგალითად, ცხოვრობდნენ მხოლოდ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით და თავად უნდა იღებდნენ მონაწილეობას ქურდობებსა და ძარცვებში.
როდესაც "დედ ჰასანის" მტრებმა გაიგეს, რომ მას "კანონიერი ქურდის რანგში" კიდევ ხუთი ადამიანის აყვანა ჰქონდა გადაწყვეტილი, ისინი ამ ახალ ქურდებს მოკვლით დაემუქრნენ. ამის პასუხად "დედ ჰასანმა" ეს ხუთი ადამიანი მაინც "აკურთხა".
ეს მოვლენები მეტყველებენ, რომ ამ კრიმინალურ წრეებს შორის ახალი ესკალაცია მწიფდება და ეს შესაძლოა კრიმინალურ ავტორიტეტებზე თავდასხმათა სერიაში გადაიზარდოს. ყოველივე ეს, თავად სამართალდამცავთა განმარტებით, ძალოვან სტრუქტურებში შეშფოთების მიზეზი ხდება.
ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთსა და საზღვარგარეთ რიგი მკვლელობები უკვე მოხდა, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებული არიან "კანონიერ ქურდებს" შორის არსებულ დაპირისპირებასთან. კერძოდ, 2010 წლის 16 სექტემბერს უცნობმა პირებმა, მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით მუცელში დაჭრეს ასლან უსოიანი იგივე "დედ ჰასანი". იმავე წლის 10 მაისს საბერძნეთში მალხაზ კიტია (მაჰონია) მოკლეს. 2010 წლის 18 მარტს საფრანგეთში მესამე მცდელობის შემდეგ ტარიელ ონიანის ერთ ერთი უახლოესი მომხრე, ცნობილი "კანონიერი ქურდი" ვლადიმერ ჯანაშია (ლადო) მოკლეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შესაძლოა ლადო იყოს თანამონაწილე "დედ ჰასანის" უახლოეს მომხრეზე - ვიაჩესლავ ივანკოვზე (იაპონჩიკი) მომხდარი თავდასხმისა, რომელიც მოსკოვში 2009 წლის 28 ივლისს დაჭრეს და რომელიც მიღებული ჭრილობებისაგან იმავე წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა. 2009 წლის 2 ნოემბერს კი უცნობმა პირმა მოსკოვში შაბთაი კალმანოვიჩი მოკლა. არსებოსბს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მკვლელობა "იაპონჩიკზე" თავდასხმაზე შურისძიების გამო მისმა მომხრეებმა ჩაიდინეს, ვინაიდან კალმანოვიჩი ასევე სახლდებოდა "იაპონჩიკზე" მომხდარი თავდასხმის თანამონაწილედ. ამას გარდა, ასევე არსებობს ვერსია, რომ "იაპონჩიკზე" თავდასხმა ტარიელ ონიანის (ტარო) კლანის წევრებმა განახორციელეს, თუმცა თავად ონიანი ამას უარყოფს.
რუსებმა ლაჟვარდოვანი სანაპირო ბრძოლის ველად აქციეს
აღმოსავლეთ ევროპიდან მომავალი ბანდიტური საფრთხე დასავლელ ექსპერტებსა და მიმომხილველებს ძალიან აშფოთებს. დღეისათვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე ბარში, ყველაეზ მეტად იგრძნობა "კანონიერი ქურდების" ყოფნა ვიდრე სადმე საფრანგეთში. ამის შესახებ გაზეთი "Nice-Matin"-ი წერს.
გამოცემა წერს, რომ ამჟამად უკვე კლანებს შორის ბრძოლა დღის სინათლეზე გამოვიდა და აღნიშმნავს, რომ "კანონიერი ქურდები" ძალიან ფეთქებადნი არიან და მათ "ომის მთელი კულტურა" გააჩნიათ.
"ესპანეთიდან თავისი პლაცდარმის საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გადატანის შემდეგ ამ ქართულმა, სომხურმა, ბულგარულმა და ჩეჩნურმა მაფიამ აქ ფესვები ღრმად გაიდგა. მართალია ეს დაჯგუფებები ნარკოტიკებით არ ვაჭრობენ, მაგრამ მათ "ანგარიშზე" მძიმე დანაშაულებების 20 % მოდის. ისინი სპეციალიზირდებიან ქურდობებზე, შეკვეთით ავტომობილების გატაცებებზე და მსხვილ ძარცვებზე", _ წერს გამოცემა.
"პოლიციური ლეგენდის" თანახმად 10 წლის წინ საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სანაპიროზე "კანონიერი ქურდების" კლანების მეთაურები, კორსიკული, კალაბრიული და ნეაპოლიტანური მაფიის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. მაშინ მათ ერთგვარი "მაასტრიხტის შეთანხმება" გააფორმეს (1992 წელს გაფორმებული მაასტრიხტის ხელშეკრულების ანალოგად რომელმაც ევროკავშირს დაუდო სათავე). ამ ლეგენდას 2010 წლის დასაწყისში ოპერაცია "იავას" ჩატარებაც ადასტურებს, რომლის მიმდინარეობის დროს ევროპის სხვა და სხვა ქალაქში 65 "კანონიერი ქურდი" დააკავეს.
"თუმცა, ახლა უკვე ეს მშვიდობა შესაძლოა კვლავ დაირღვეს. ამას ხელს უწყობს განსაკუთრებული ქურდული მენტალიტეტიც, რომლის თანახმადაც კრიმინალური ავტოროიტეტი არ უნდა ლეგალიზდეს და კანონმორჩილ მდიდრად არ უნდა გადაიქცეს. "კანონიერი ქურდები" ხომ თვალსაჩინო ფუფუნებისათვის არ ქურდობენ, მსხვილ ბანდიტურ სამყაროში შებიჯებით ისინი სიმდიდრის სიძულვილის აღთქმას დებენ. ეს კი მათ კიდევ უფრო მოუხელთებლებად და საშიშებად აქცევს. მსხვილი ბანდიტიზმი ასეთი მაფიოზებისათვის - ეს პრაქტიკულად იდეოლოგიაა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ უღალატებს, ღალატი ხომ კალაშნიკოვის ავტომატის ჯერით ისჯება", _წერს ფრანგული გამოცემა.