რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზ სეპარატისტებს განუცხადეს - თუკი ისინი ახალ ათონში რუსი იღუმენის დანიშვნის გაპროტესტებას თავს არ დაანებებენ, ამას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები მოჰყვეს და "არა მხოლოდ საეკლესიო ურთიერთობებში". ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"აფხაზეთის სასულიერი წრეებში არსებული სიტუაცია ძალიან გვაშფოთებს, იმიტომ, რომ ის ქმნის პირობებს როგორც საზოგადოებაში განხეთქილების შესატანად, ისე თავად მართლმადიდებლურ ეკლესიაში", _ განაცხადა სერგეი შამბამ.
შამბას განცხადებით, აფხაზეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს გარკვეული წარმატებები, ჰყავს სასულიერო პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, რემონტდება და იხსნება ტაძრები.
"ჩვენ გვაქვს მხარდაჭერა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან, სადაც ხდება ახალი ღვთისმსახურების ხელდასხმა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალია გვსურს და მან უკვე გადადგა სერიოზული ნაბიჯები ამ მიმართულებით. იგი გამოეყო საქართველოს ეკლესიას და დღეს პრაქტიკულად დამოუკიდებელი ეკლესიაა. აღიარების საკითხი კი - ეს სულ სხვა საქმეა. დღეისათვის იგი დე-ფაქტო აღიარებულია რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელიც მის მხარდაჭერასა და დახმარებას ახორციელებს. უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით და ოფიციალური აღიარების გზით ვიაროთ", _ აცხადებს სერგეი შამბა და აღნიშნავს, რომ აფხაზური ეკლესიის აღიარების საკითხი - რთული პროცესია, იმაზე უფრო რთულიც კი, ვიდრე "რესპუბლიკის საერთაშორისო და პოლიტიკური აღიარებაა".
"მაგრამ ამ პირობებში ჩვენს ეკლესიას თავისუფლად შეუძლია იარსებოს და მასზე დაკისრებული სასულიერი ფუნქცია შეასრულოს. ის, რაც დღეს ახალ ათონში ხდება, არაკანონიერია და მართლმადიდებლური ეკლესიის კანონებს არ შეესაბამება",_ მიიჩნევს შამბა და აღნიშნავს, რომ მას ამ საკითხზე მოლპარაკებები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობასთან და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჰქონდა.
"მქონდა მოლაპარაკებები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელობასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც პირდაპირ მითხრეს, რომ ამას შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს და შესაძლოა არა მხოლოდ საეკლესიო ურთიერთობებში. ამიტომაც ზოგი ჩვენი სასულიერო პირის მიერ გადადგმული ნაბიჯები არაფერ კარგამდე არ მიგვიყვანს და აფხაზეთის ეკლესიის არავითარ აღიარებას, როგორც ისინი გვპირდებიან, ამ გზით ვერ მივაღწევთ. ამას, შესაძლოა, დღეს რუსული ეკლესიისგან ველოდოთ და არავითარ შემთხვევაში საბერძნეთის ან სხვა ეკლესიებისგან", _ აცხადებს სერგეი შამბა.
ე.წ. პრემიერ -მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ იყო მრავალსაათიანი შეხვედრები და საუბრები აფხაზეთის ეკლესიის სასულიერო პირებთან -ანდრეი ამპართან და დოროფეი დბართან, მაგრამ კონსტრუქციული პოზიციები ვერ დაინახეს.
"მაშინ ჩვენ მათ კომპრომისული ვარიანტები შევთავაზეთ. დავპირდით, რომ მივმართავდით რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას თხოვნით, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება დოროფეი დბარის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით, შემდეგ კი ერთად დაგვეწყო აფხაზური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის გადაწყვეტა, მაგრამ კატეგორიული უარი მივიღეთ", _ განაცხადა შამბამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ანდრეი ამპართან ადრე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში და ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, ვინაიდან დოროფეი დბარი მაშინ აფხაზეთში არ იმყოფებოდა.
"მაგრამ როდესაც დოროფეი დბარი დაბრუნდა, მასთანაც გვქონდა ხანგრძლივი საუბრები თუმცა უშედეგოდ. მამა დოროფეის ხელდასხმას არქიმანდრიტად მხოლოდ იმ (საბერძნეთის) ეკლესიის ფარგლებში აქვს მნიშვნელობა, რომლის ეპისკოპოსმაც მისი ხელდასხმა მოახდინა", _ აცხადებს შამბა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას - რამდენად კანონიერი იყო ახალი ათონის მონასწტის წინამძღვრად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ეფრემ ვინოგრადოვის დანიშვნა, შამბა აცხადებს: "მამა ეფრემის დანიშვნა შეთანხმებული იყო ყველასთან, მათ შორის მამა ანდრეისთანაც. ამ გადაწყვტილებას ყველამ დაუჭირა მხარი და მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრა ბესარიონ აპლია მოსკოვში და მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს აფხაზეთში სამსახურისათვის მისი ხელდასხმა სთხოვა", _ აცხადებს შამბა.
"ჩვენ არ გვყავს საკმარისი ჩვენივე კადრები. ჩვენ რომ ნორმალური კადრები გვყავდეს, რომლებიც შესაბამისად იქცევიან, ისინი იქნებოდნენ კიდეც ხელმძღვანელები, თუმცა იმთავითვე, როგორც კი მამა ანდრეი და მამა დოროფეი გამოიწვრთნენ, თავადვე დაიწყეს კონფლიქტების შექმნა. ახლანდელი კონფლიქტი კი არა რომელიმე ობიექტურ მიზეზს, არამედ პიროვნულ ამბიციებს ეფუძნება", _ აცხადება შამბა.
შეგახსნებთ, რომ აფხაზ სასულიერო პირებს ანდრეი ამპარისა და დოროფეი დბარის მეთაურობით, არ სურთ, აფხაზეთის მართმადიდებლური ეკლესიის საქმეებს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია განაგებდეს. ისინი ავტოკეფალიიის მოპოვებისთვის ბრძოლას აპირებენ და რუსეთიდან აფხაზურ ტაძრებში წინამძღვების ერთპიროვნულ დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ამასთან დაკავშირებით, დიდი საერო და სასულიერო პირების შეკრება ახალ ათონში 15 მაისსაა დაგეგმილი.