"ქრისტიან-დემოკრატებისთვის" ეროსი კიწმარიშვილის ბრალდებები გაუგებარია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "ქრისტიან-დემოკრატების" კახეთის რეგიონის კოორდინატორმა ირაკლი ჭყოიძემ განუცხადა, "ქართული პარტიის" მიერ "გამოვლენილი აგენტი" არასდროს ყოფილა მათი პარტიის რიგებში.
"ჩვენ გადავამოწმეთ ამ ადამიანის ვინაობა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს პირი არასდროს ყოფილა "ქრისტიან-დემოკრატების" რიგებში, როგორც პარტიის წევრი და აქტივისტი", - აღნიშნა ჭყოიძემ.
მისი განმარტებით, პარტიაში შესასვლელად პირმა ანკეტა უნდა შეავსოს, შესაბამისად, ყველას მონაცემი აქვთ.
შეგახსენებთ, რომ "სახალხო კრების" შემდეგ "ქართული პარტია" "ქრისტიან-დემოკრატებს" უპირისპირდება.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ქართული პარტიის" რიგებში "ქრისტიან-დემოკრატებმა" კუდ-ის ფარული თანამშრომელი შეგზავნეს.
"გურჯანის განყოფილების ოფისის მენეჯერის, მერცია სინჯიკაშვილის მხილებისთვის საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს. იგი კუდ-ის იმ თანამშრომელთან კავშირშია შემჩნეული, რომელსაც გურჯაანში ყველა იცნობს და ყველასთვის კარგა ხანია, გაშიფრულია. ეს თანამშრომელი აქციების დროს ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდა და საპროტესტო კოლონაში ავტომანქანების გადაადგილებას ხელს უშლიდა", - აცხადებს კიწმარიშვილი.
კიწმარიშვილი პარტიაში სინჯიკაშვილის შეგზავნას "ქრისტიან-დემოკრატებს" აბრალებს.