"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, "ქართულმა პარტიამ" ამერიკის შეერთებული შტატების მწვავე გაკრიტიკებით პოლიტიკური შეცდომა დაუშვა.
""ქართული პარტიის" მიერ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეცდომა იყო. ჩვენ ასეთი მომგებიანი საგარეო ფაქტორები ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ არ გვქონია და ეს საგარეო ფაქტორები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა სანიკიძემ.
სანიკიძე გამოეხმაურა "ქართული პარტიის" მიერ დაგეგმის საპროტესო აქციას აშშ-ს საელჩოსთან.
"ქართულ პარტიას აქვს უფლება დაგეგმოს და განახორციელოს მშვიდობიანი აქციები. თუმცა ჩვენ მათ არ შევუერთდებით", - განაცხადა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა. "თუ რუსეთი გვართმევს ტერიტორიებს, ამერიკელები გვართმევენ თავისუფლებას", - განაცხადა ოქრუაშვილმა.მსგავსი განცხადებით გამოვიდა ოქრუაშვილის თანაპარტიელი ეროსი კიწმარიშვილი. "ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, მაგრამ ამ ტიპის მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გვართმევს თავისუფლებას, სუვერენიტეტული არჩევანის თავისუფლებას შიდა თუ სხვა პოლიტიკურ საკითხებში", - განაცხადა კიწმარიშვილმა.