სეპარატისტულ აფხაზეთში დომინიკის რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერი ხოსე მიგელ მეხია აბრეუ მეუღლესთან ერთად ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიცე-პრემიერი სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრს სერგეი შამბას და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს მაქსიმ ღვინჯიას უკვე შეხვდა. ამას გარდა, მათივე ინფომაციით, აფხაზეთში მდებარე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საელჩოში ასევე გაიმართა შეხვედრა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან მურატ ჯიოევთან.
ხვალ, 14 მაისს ხოსე მიგელ მეხია აბრეუ რიწის ტბას, გაგრასა და ბიჭვინთას მოინახულებს.
შეგახსნებთ, რომ სერგეი ბაღაფშმა უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, აფხაზი სეპარატისტები თავიანთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას უახლოეს მომავალში კიდევ ერთ ქვეყნიდან ელიან. აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ასევე ახლახანს განაცხადა, რომ მალე აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას სან-მარინო აღიარებს, ხოლო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ 26 აპრილს სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სეგეი ლავროვის სტუმრობისას გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ "მიმდინარე წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობას კიდევ სამი არააფრიკული სახელმწიფო აღიარებს". ღვინჯიამ მაშინ ეს ქვეყნები არ დაკონკრეტა.