ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კარლ შვანცერბერგის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ჩეხეთი საქართველოს ინტერესების მკაცრი დამცველია, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართველ კოლეგა, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„საქართველო იშვიათი გამონაკლისია, რომელთანაც ჩეხეთს იშვიათი ურთიერთობა აკავშირებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ორივე ქვეყანამ წარსულში გამოსცადეს ოკუპაცია. გაიგეს რა არის მისი ფასი და ეს ერთმანეთის მიმართ ავტომატურად, სოლიდარობის განცხას ქმნის. ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ არ გვჭირდება ამის ერთამენთისთვის ახსნა. როცა საქმე ოკუპაციას ეხება, ჩვენ საქართველოს ინტერესების მკაცრი დამცველები ვართ", - განაცხადა კარლ შვანცერბერგმა.
მისივე განმარტებით, ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გორსა და ერგნეთშიც იმყოფებოდა და „ნანახმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა".
„დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო 30 წლის წინ ჩვენს რეგიონში. ასე რომ, ჩვენ გვესმის ერთმანეთის", - აღნიშნა ჩეხეთის მთავარმა დიპლომატმა.
გარდა ამისა, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩეხეთი საქართველოსთან ყველა ასპექტში თანამშრომლობითა და მისი გაძლიერებითაა დაინტერესებული, რა მიზანსაც ემსახურება ქვეყანაში მასთან ერთად ჩეხი მეწარმეებისა და ბიზნესმენთა ჩამოყვანაც.
„ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოსთან თანამშრომლობას ყველა ასპექტში, მათ შორის ეკონომიკური და ინვესტიციების კუთხით", - განაცხადა კარლ შვანცერბერგმა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით ქვეყნის დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. კარლ შვანცერბერგის ვიზიტის პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. ის უკვე მთავრობის თითქმის ყველა წევრს შეხვდა. ჩეხ დიპლომატს დღესვე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.