საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მოლდოვას მიერ დნესტრისპირეთის შესაძლო დაბრუნება იმის დადასტურება იქნება, რომ ადრე თუ გვიან საოკუპაციო ძალებს ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება მოუწევს.
„დიდიხანია დნესტრისპირეთის მოლდოვას შემადგენლობაში დაბრუნების საკითხზე „5+2"-ის ფორმატში მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, მოლაპარაკებები ჯერჯერობით ფინალურ წერტილამდე მისული არ არის, თუმცა როცა ეს მოხდება, იმის დასტური იქნება, რომ საოკუპაციო ძალები ადრე თუ გვიან მაინც დატოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ
ამასთან, ქვეყნის მთავარი დიპლომატის განმარტებით, ის დღე, როცა მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და რუსეთის ჯარები დატოვებენ დნესტრისპირეთის ტერიტორიას, საქართველოსთვისაც საზეიმო და ბედნიერი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვა დნესტრისპირეთს იბრუნებს. რუმინული მედიის ინფორმაციით, დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის, რესპუბლიკის მოლდოვას შემადგენლობაში შესვლის და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების პირობების შექმნის თაობაზე შეთანხმებას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიაღწიეს.