იუსტიციის სამინისტრო იუსტიციის სახლის თანამშრომელთა ტრენინგებს განაგრძობს. სასწავლო ცენტრში გადამზადების კურსს სამინისტროს სამსახურების რეგიონული ოფისების თანამშრომლები გადიან.
ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება, სტრესის მენეჯმენტი, კონფლიქტების მართვა, სერვისების პროცედურები და სხვა. ინტერაქტიული სემინარების მიდინარეობისას რეგიონული სამსახურების ოფისის თანამშრომლები მონაწილეობენ როლურ თამაშებსა და დისკუსიებში, მუშაობენ პრაქტიკულ სავარჯიშოებზე და ტრენერების დახმარებით გამოიმუშავებენ ეფექტური მომსახურებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. სწავლება პერიოდულად გაგრძელდება და საბოლოო ჯამში, მას იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელი გაივლის.
ტრეინინგების მიზანი თანამშრომელთა შორის ეფექტური მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა, რათა იუსტიციის სახლის ყველა სტუმარმა სერვისცენტრების თანამშრომელთა მხრიდან ხარისხიანი და დროული მომსახურება მიიღოს.
იუსტიციის სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულება იქნება საქართველოში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურის სერვისების მიღება მოქალაქეებისათვის ერთი ფანჯრის პინციპით იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლის თანამშრომლები მოქალაქეებს მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ, სწრაფ და გამარტივებულ მომსახურებას შესთავაზებენ.
საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ბათუმში გაიხსნება.