თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელს მაია ბაწელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 3500 ლარის ოდენობით. პროკურატურა მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.
სსკ-ის 120-ე მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ითვალისწინებს, 125-ე მუხლი კი ცემას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პროკურატურის ინფორმაციით, მუსიკის მასწავლებელმა მაია ბაწელაშვილმა გაკვეთილის დროს ერთ - ერთ მოსწავლეს თავში ფანდური ჩაარტყა, რის გამოც მოზარდმა ტვინის შერყევა მიიღო. მასწავლებელი ინციდენტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლე განაჩენს 23 მაისს გამოიტანს. სასაპრთლო პროცესი 11:00 საათზეა დანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებელს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა კოდექსი სანქციის სახით ჯარიმასაც ითვალისწინებს.