ბაქოს დასავლური უნივერსიტეტის პროფესორი ფიკრეტ სადიხოვი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისთვის აქტუალობას არ დაკარგავს იმის გამო, რომ ისინი ახლა რეგიონში არსებული კონფლიქტის დარეგულირებით არიან დაკავებულნი.
"აზერბაიჯანი რეგიონის წამყვანი სახელმწიფოა, იგი მსოფლიოს ბაზარზე ნახშირწყალბადების ძირითადი მიმწოდებელია და მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული როლიც უჭირავს. სწორედ აზერბაიჯანის როლზე, ადგილზე და პრიორიტეტებზე იქნება დამოკიდებული მთლიანობაში რეგიონში პოლიტიკური ძალების განლაგება. ეს სერიოზული ფაქტორია და მას აუცილებლად ანგარიში უნდა გაეწიოს. უკვე აღარ ვსაუბრობთ სამხედრო ზრდაზე", _ აცხადებს სადიხოვი და აღნიშნავს, რომ გარდა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტისა, რეგიონში ასევე არის კონფლიქტები საქართველოს ტერიტორიაზე.
"ფაქტობრივად, საქართველომ შეწყვიტა ურთიერთობა რუსეთთან და ოფიციალურად დაკარგა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ წამყვანი ქვეყნების დაინტერესება იმაში, რომ რეგიონში არსებული ძალების განლაგება შეიცვალოს, ძალიან დიდია. ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, რუსეთს აქ წამყვანი უკავია", _ აცხადებს სადიხოვი, თუმცა აღნიშნავს, რომ უახლოეს 10 წელიწადში სამხრეთ კავკასიაში დიდი ცვლილებები უნდა მოხდეს.
"ნაკლებსავარაუდოა, რომ აზერბაიჯანმა ამდენი წელს ითმინოს თავისი მიწების ოკუპაცია სომხეთის მხრიდან. ჩვენი ქვეყანა მომავალში თავის მნიშვნელობასა და თავის როლს გაზრდის რუსეთის ინტერესებისთვის. საქმე ისაა, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან განვითარებულია რუსული კომპონენტი", _ აცხადებს სადიხოვი და აღნიშნავს, რომ სომხეთი და მისი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია.
რაც შეეხება საქართველოს, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის თქმით, იგი დასავლეთთან ურთიერთობას გააგრძელებს, თუმცა მას რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება მოუწევს.
"ვფიქრობ, მომავალში საქართველო მთლიანობაში დასავლეთთან ურთიერთობაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა საბოლოო ჯამში მას სიტუაცია აიძულებს, რუსეთთან ურთიერთობები გამოასწოროს, რადგანაც რუსეთთან ურთიერთობის გარეშე საქართველო ტერიტორიულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს", _ ფიკრეტ სადიხოვი.