დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულია შპს „ავერსი გეოფარმის" კუთვნილი N 88-ე აფთიაქის დირექტორი თამარ გურაშვილი.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ გურაშვილი ბოროტად იყენებდა „ავერსი გეოფარმის" სააფთიაქო ქსელში დამკვიდრებული ელექტრონული შეკვეთების პრაქტიკას და 2010 წლის ივნისიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით ყოველთვიურად ყალბად აფორმებდა ძვირადღირებული და მაღალ მოთხოვნადი მედიკამენტების გატანას ფარმაცევტული ქსელის სხვა აფთიაქებზე. რეალურად კი, აღნიშნული მედიკამენტების რეალიზაციას „ავერსის" ქსელის მიღმა, პირადი კონტაქტების საშუალებით ახდენდა. საბუღალტრო შემოწმების დროს კი, ელექტრონულ შეკვეთებს აუქმებდა.
გურაშვილის მიერ განხორციელებული მაქინაციის შედეგად შპს „ ავერსი გეოფარმამ" 240 000 ლარის ოდენობის ზარალი მიიღო.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.