ლოტკინზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს. ძმები გოგრიჭიანების პირად ნივთებთან ერთად სამართალდამცავებმა სახლიდან დალუქულ მდგომარეობაში მათი პირადი კომპიუტერიც გაიტანეს.
მეზობლები აცხადებენ, რომ ძმებს ამ დრომდე კონფლიქტი არ მოსვლიათ და ეს პირველი შემთხვევა იყო. ამ დრომდე გოგრიჭიანების და, 8 წლის გოგონა, დაკითხვაზე იმყოფება.
მეზობლების ინფორმაციით, ძმებმა ჩუტყვავილა გადაიტანეს, რა დროსაც საწოლს იყვნენ მიჯაჭვულნი, იმ დროს მათ სამი თვის მანძილზე მეტყველებაც დაკარგეს. არ გამორიცხავენ, რომ დაავადებამ უფროსი ძმის ფსიქიკაზე იმოქმედა.
შეგახსენებთ, დღეს დილით თბილისში ზაქარაიას ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. 22 წლის თენგო გოგრიჭიანმა მოკლა დედა, დაჭრა ძმა და შემდეგ თავი მოიკლა. ამ დროისთვის 19 წლის რეზო გოგრიჭიანი მიხეილის სახელობის საავადმყოფოში წევს. მას რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა.
მისი მდგომარეობა კრიტიკულია.