ნატო უკრაინასა და რუსეთს შორის სტაბილური და კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას მხარს უჭერს.
ამის შესახებ უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების განხილვას მიეძღვნა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინ ელისეევმა განაცხადა.
მისი თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნები მიესალმებიან, რუსეთთან ურთიერთობის განვითარების თაობაზე უკრაინული მხარის პოზიციას და აცხადებენ, რომ ეს უკრაინა-ნატოს ურთიერთობასთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, არ არის საჭირო რუსეთსა და უკრაინას შორიუს არსებული ურთიერთობების დრამატიზირება, რომელიც "მარტივიც არასდროს ყოფილა".
"გარკვეული პრობლემები, რომლებიც ურთიერთობებში არსებობს, ნორმალურად და ცივილიზებულად უნდა გადაიჭრას. ერთადერთი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ისაა, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ურთიერთობებში ემოციონალურ ელემენტებზე და ყველა ეს ემოცია გადავიყვანოთ ნორმალურ, ინტელექტუალურ და პრაგმატულ დინებაში. იმისათვის, რომ ჩვენ მართლა გადავჭრათ პრობლემები და მხოლოდ არ ვისაუბროთ მათზე, იმისთვის, რათა ჩვენმა ემოციებმა არ გაუსწროს ტაქტიკას და სტრატეგიას. ეს არის საკვანძო საკითხი. ასეთ მიდგომებზე და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების განვითარებაზე ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს ნატოელ კოლეგებთან და ამან მიიღო სრული მხარდაჭერა უკრაინა-ნატოს კომისიის ფარგლებში", - განაცხადა კონსტანტინ ელისეევმა.
უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობების საკითხის განხილვისას, კომისიაზე ისაუბრეს ასევე საზღვრების საკითხზეც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის უკრაინის ტერიტორიასზე ყოფნის თაობაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე. ალიანსის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაზის კრიზისი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა, მომავალში არ განმეორდება.